საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში", სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა, განაცხადა, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, წელიწადნახევრის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ 146 საწარმოს დაუჭირა მხარი.
„აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნაზე და უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებაზე. პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს შედეგები. წელიწადნახევრის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 146 საწარმოს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 366 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 6000-ზე მატი ადამიანი", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება. 26-თვიანი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგს გაივლის 6 000-მდე მეწარმე, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნესიდეა და რეგიონებში 5 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„მოყვანილი რიცვხები არ არის უბრალო სტატისტიკა, ეს არის რეალური წინსვლის დასტური, რომელიც საბოლოო ჯამში, თითოეულ მოქალაქეზე და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაზე აისახება. სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა, შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე - წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყების და მისი წარმატებული განვითარებისთვის, რისი გონივრულად გამოყენების ერთ-ერთ მაგალითსაც წარმოადგენს „გადაიღე საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.