„ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ვითარებითაა გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზი არ გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფაურების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მთავრობას აქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შემცირდეს ან შემსუბუქდეს გარე მოვლენების ეფექტი.
„მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები", - განაცხადა გიოირგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში რა მექანიზმები არსებობს ლარის დასასტაბილურებლად, კვირიკაშვილის თქმით, „დღევანდელ დღეს რა დევალვაციაც არსებობს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის პირდაპირი ეფექტია".
„ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.