უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებას ეხმაურება, სადაც აგრამუნტიმ თავის გამოსვლაში გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია. კაკაბაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აგრამუნტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბევრად მკაცრი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა არ ფიქრობს, რომ დღესაც დაგვიანებულია, ოფიციალური წერილი გაიგზავნოს, სადაც მკვეთრად გამოიხატება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აგრამუნტის განცხადებასთან დაკავშირებით.
„პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარაძის პასუხი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა, ჩემი აზრით, არსაკმარისი. ქვეყანა თავის ღირსებას გაცილებით მაღალ დონეზე უნდა იცავდეს, პროტესტი ისეთი უნდა იყოს, რომ სხვამ ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი უპატივცემულო და თავხედური განცხადებები, როგორიც აგრამუნტმა გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს ის შეთხვევა იყო, როდესაც ქართულ დელეგაციას დარბაზი საერთოდ უნდა დაეტოვებინა. საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული პროტესტი უნდა გამოეხატა, რომ აგრამუნტს ბოდიში მოეხადა იმ სიტყვებისთვის, რაც თქვა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძვით და ა.შ... მაშინ ასეთი მხარე ასეთ შეურაცხყოფას არ უნდა გაყენებდეს. მათ სასამართლო გადაწყვეტილება გიგი უგულავასთან დაკავშირებით ძალიან კარგად იციან, იციან რაში ედება ბრალი და რა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი... ასევე ძალიან კარგად იციან, რომ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო რეჟიმი, სადაც სისტემური ხასიათის წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, თვალთვალი და მიყურადება ხდებოდა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს, როცა შენ პოლიტიკოსმა ეს ყველაფერი იცი, თავს უფლებას არ უნდა აძლევდე, პოლიტიკური თუ კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენო. კიდევ ვიმეორებ, რომ ის, რაც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, საყოველთაოდ ცნობილია ევროპარლამენტისთვისაც და ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, ვინც საქართველოს იცნობს და მასთან ურთიერთობა უნდა. ასეთ შემთხვევებში გაცილებით მკაცრი უნდა იყოს ხელისუფლების პროტესტი. უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო, ვიდრე ბატონი თედოს განცხადებაა, თუმცა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თედოს, რომ დროულად და ადეკვატურად იმოქმედა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება
http://reportiori.ge/?menuid=2&id=87188