საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, „დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია".
„დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არის. აღნიშნული განცხადება ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.
„მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა.