პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ დაიწყება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში ვერ მოხვდება. როგორც აბაშიძე განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ეს იქნება ცუდი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის".
„სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ დაიწყება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში ვერ მოხვდება, რადგან ეს იქნება ცუდი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თუკი მოხდება სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით და ჩვენ დავინახავთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, დიპლომატიური ურთიერთობა ამისათვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ჯერ ჩვენ მოვხსენით, საერთოდ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი, შემდეგ რუსეთის მხარემ მნიშვნელოვნად გაამარტივა. ახლა საუბარი იყო სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე. ეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინისგან, შემდგომ საგარეო უწყებამაც დაადასტურა ეს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.