„გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძრვანელი ნანა დევდარიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებას ეხმაურება, აგრამუნტის თქმით, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. დევდარიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პედრო აგრამუნტის ამ განცხადებაზე სრულიად ადეკვატური პასუხი ჰქონდა თედო ჯაფარიძეს. მიუხედავად ამისა, მაინც დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში და დასავლეთის ქვეყნებში, სადაც „ნაციონალებს" ინფორმაცია გააქვთ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც ადეკვატური ინფორმაცია უნდა წავიდეს.
„პედრო აგრამუნტი „ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე იყო, ამდენად მის განცხადებაში გასაკვირი არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მეგობრებს და პარტნიორებს, ასე ვთქვათ, ჩააწოდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი წევრი პოლიტპატიმარია. უგულავას სრულიად კონკრეტული ბრალი აქვს წაყენებული და აქ უკმაყოფილება ძირითადად ის არის, რომ რამდენიმე კაცით არ შემოიფარგლებოდა ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა", - აცხადებს ნანა დევდარიანი.