ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომის მოსამზადებელი პროცესი, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემები.
დელეგაციის ხელმძღვანელ კრისტიან ვიგენინის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან რობერტო მონტელას პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და კონფლიქტის მოგვარების პროცესის მიმდინარეობას. შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო მზადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომისთვის, რომელსაც თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს უმასპინძლებს. ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა შტო კოორდინირებულად იმოქმედებს, რათა აღნიშნული ღონისძიება შესაბამის დონეზე ჩატარდეს.