საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, გიორგი ქადაგიძეს თავისი ანგარიშის პარლამენტში წარდგენა იმისთვის სჭირდება, რომ შოუ მოაწყოს და ადეიშვილის თვალში თავისი პერსონის ფასი გაზარდოს.
როგორც მეჭიაურმა "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, მას გააჩნია ვალდებულება, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის წარდგენას დაესწროს, აქედან გამომდინარე, მისი განმარტებით, ის დაესწრება არა გიორგი ქადაგიძის მიერ ანგარიშის წარდგენას, არამედ მხოლოდ ეროვნული ბანკის ანგარიშის წარდგენას.
მისი თქმით, ქადაგიძე ანგარიშს ქართველ ხალხს კი არა ადეიშვილს აბარებდა და მომავალშიც მას ჩააბარებს.
"არამგონია, მთელი ქართველი ხალხის კრებითი სახელი ადეიშვილი იყოს. ქადაგიძე ადეიშვილს აბარებდა ანგარიშს და მომავალშიც ჩააბარებს. ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენას, რა თქმა უნდა, დავესწრები და არა ქადაგიძისას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მოვისმინოთ ეროვნული ბანკის ანგარიში, ვინ წარმოადგენს ანგარიშს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დავესწრები. ხოლო როდის უნდა მოხდეს განხილვა ამას პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს, რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენას, მე თავის დროზე ჩავატარე ეს მოსმენები, რეგლამენტის სრული დაცვით, ასევე რეგლამენტის განსაზღვრულ ვადაში ჩავაბარე პარლამენტის ბიუროს, რომელმაც ასევე რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში, ჩასვა დღის წესრიგში პარლამენტის პლეანრული სხდომებზე განსახილველად. მაგრამ თვითონ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თხოვნით, მაშინ მისი განხილვა გადაიდო. ასე რომ, დღეს სხვისკენ რომ უთითებენ თითს, არასწორია. მაშინ თვითონ ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს გადაწეულიყო განხილვა, იმდენად, რამდენადაც ყველა კომიტეტს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა. თავისთავად ცხადია, დიდი ალბათობით, იგივე შეფასებას მისცემდა მაშინ პარლამენტი", - აღნიშნა მეჭიაურმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი ქადაგიძეს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენა შოუსთვის და საკუთარი პერსონის ფასის ზრდისთვის სჭირდება მხოლოდ.
"ახლა როცა ქადაგიძემ გაინაღდა და პრაქტიკულად, ამოწურა თავისი ვადა, უნდა რომ განიხილოს, მაშინ როდესაც ამ განხილვაზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მასზე არანაირად არ აისახება და არც რაიმე დიდს მოველი მისგან, რომ რაიმე ისეთ საპროგრამო დოკუმენტს დაგვიტოვებს, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას წაადგება. მგონია, რომ მას ეს სჭირდება შოუსთვის და იმისთვის, რომ თავისი პერსონის ფასი ადეიშვილის თვალში კიდევ უფრო გაზარდოს",- განაცხადა მეჭიაურმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისი პარლამენტში გამოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, მნიშვნელოვანია, რადგანაც უნდა გაანალიზდეს, თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, რა წარმატებები იყო და ასევე, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს მოქმედებები, რათა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები დაიძლიოს.
„რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერსო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე მინდა მარტივად ვთქვა, რომ მე არ ვაბარებ ანგარიშს არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას, რომელსაც აინტერესებს კითხვაზე პასუხის გაცემა. კითხვაზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავაანალიზოთ სად გვქონდა წარმატება, სად გვქონდა წარუმატებლობა, სად დავუშვით შეცდომები და რაც მთავარია, სად და რა მიმართულებით გვინდა განვვითარდეთ და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც დღეს ქვეყანას გააჩნია", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.