„ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის არჩევანს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადახედავს",-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
მისივე თქმით, წითელი ხაზები უცვლელი რჩება, რომლის სადარაჯოზეც ქართველი ხალხი დგას.
„როგორ წარმოგიდგენიათ, დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან დავამყაროთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და აღიარებული - ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიაზე?! ჩვენთვის პრინციპული საკითხია დეოკუპაცია და თუ მათი მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, დეოკუპაციასთან დაკავშირებით დიალოგზე მზად ვართ",-აღნიშნა სესიაშვილმა და განაცხადა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყანაა და ამ გეოგრაფიულ მოცემულობას ვერსად გავექცევით.
„მეტ-ნაკლებად გამოსწორებული ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება. ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა ჩვენთვის მისაღებია.
სავიზო რეჟიმის გაუქმებას რაც შეეხება, რუსეთს ამის გაკეთება ისევე დამოუკიდებლად შეუძლია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ამას რუსული მხარის კეთილი ნება სჭირდება და არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ქვეყნებს შორის პოლიტიკური უთანხმოება რიგით მოქალაქეებზე არ უნდა აისახოს",- აღნიშნა სესიაშვილმა.