„ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები", - ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. ქანთარიას თქმით, მაჟორიტარული სისტემა არ არის ქართველი მოსახლეობის პრობლემა და აღნიშნული სისტემის ცვლილება მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედის.
„კოალიცია ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერთან სასაუბროდ, გააჩნია, რა შედეგით დამთავრდება საუბარი. რასაც ოპოზიცია ითხოვს, - გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. ეს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე პარტიას და დანარჩენები თემას არიან ჩამოკიდებულები. მაჟორიტარების შერჩევა დღეს არცერთ პარტიას თავისი შემადგენლობიდან არ შეუძლია. მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. თუ მოახერხებენ ავტორიტეტული ხალხის მოძებნას, კი ბატონო. ჩვენ დავაწესეთ 50+1 პროცენტიანი ბარიერი. აუცილებელია, რომ მაჟორიტარს მაღალი ნდობა ჰქონდეს. არავითარ უსამართლობას არ აქვს ადგილი.
ჩვენ ვამბობთ, რომ კოალიციაში მოხდა კონსენსუსი და 2020 წლისთვის ეს სისტემა შეიცვლება. თუმცა, ისევ არის კითხვები. პირადად მე მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებამდე არაფერი შეიცვალოს და მათი დაბრუნების შემდეგ გადავიდეთ ორპალატიან სისტემაზე. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.
ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები", - განაცხადა ქანთარიამ.