საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრა აუცილებელია. თუმცა, როგორც ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ლავროვთან პირისპირ შესახვედრად გამოცდილება არ ეყოს.
ქანთარიას თქმით, „ჯანელიძე ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ლავროვთან შეხვედრას სჭირდება".
„შეხვედრა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი, პირისპირ შეხვედრაზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც სჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უახლოს მომავალში რუსეთი უკან წაიღებს ჩვენი ტერიტორიების აღიარებას. ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რეალურად ვისაუბროთ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ვიზებსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ჩარჩოდან არ გამოვიდეს კრემლი", - განაცხადა ქანთარიამ.
ალექსანდრე ქანთარიას თქმით, თედო ჯაფარიძე არის ის დიპლომატი, რომელსაც ლავროვთან შესახვედრად საკმაო გამოცდილება და კომპეტენცია გააჩნია.
„თედო ჯაფარიძე არის „მძიმეწონიანი" დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან. ის არის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც, შესაძლებელია, აღიჭურვოს გარკვეული უფლებებით და მონაწილეობა მიიღოს ასეთ შეხვედრებში", - აღნიშნა ქანთარიამ.