საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა.
კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალ მწვრთნელს ახალგაზრდულ ნაკრებთან კარგი შედეგი ექნება.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ასევე, მადლობას ვუხდი თბილისის „დინამოს". ვფიქრობ, რომ შედეგი გვექნება. გიას აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს მოუძებნის ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
გია გეგუჩაძის განცხადებით, მისთვის ამ თანამდებობის დაკავებისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხედვა, რომელიც აქვს ფედერაციას.
„არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღება. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მოლაპარაკებების პროცესში ის ხედვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც აქვს ფედერაციას. ჩემთვის გამოწვევაა ამ თანამდებობაზე დანიშვნა", - განაცხადა გია გეგუჩაძემ.