გუშინ, 27 იანვარს, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. სასარჩელო მოთხოვნაა, რომ სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, სადაც განმარტებულია, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა", ძალადაკარგულად იქნას ცნობილი. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება მოძრაობა „ეროვნულები". როგორც „ეროვნულების"დამფუძნებელმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განახადა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ ინიციატივას და თავისი გუნდის წევრებისგან აღნიშნულ საკითხზე უმოკლეს ვადაში აზრის დაფიქსირებას მოითხოვს.
ბრეგაძე ასევე ითხოვს, რომ უახლოეს მომავალში კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფრის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც შინაურებად, ისე გარეულებად. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით არათუ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ქვეყანაში, არამედ ამ საკითხის განხილვასაც კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ შეგვიძლია მოვუწოდოთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, იქნება ეს მთავრობის წარმომადგენელი თუ მოსამართლე. მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად დავდგეთ ამ უზნეობის წინააღმდეგ. ეს არის საკმაოდ სერიოზული პროვოკაციის საფუძველი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი საქართველოში საკმაოდ რთულ კატაკლიზმებს შობს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ყოველივემ ძალადობის ტალღა შვას. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები უნდა იდევნებოდნენ. პირიქით, ჩვენ მათ უნდა მივცეთ განვითარებისა და საზოგადოებაში ნორმალურად ყოფნის საშუალება. მაგრამ, მეორე საკითხია, როდესაც საუბარი გვაქვს ერთსქესიან ქორწინებაზე. თავის დროზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებდა, რომ კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის ერთობა.
აუცილებელია, რომ სახელისუფლებო ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ის ჩანაწერი, რომელზეც საუბრობდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის გადაუდებელი პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები. მსურს, გავიგო დღეს ჩემი პოლიტიკური გუნდისა და კოალიციის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.