გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. 20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო: არჩევნებში მონაწილეობა 23, 805-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33, 13%-ია. „დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რომელთა უმეტესობაც დროულად იქნა აღმოფხვრილი, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაიწერა 22 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში.
მიუხედავად, იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი აარიდონ სიტუაციის შემოდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას," - განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.
ბრიფინგის დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და არჩევნებში ჩართულ მხარეებს საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშეწყობისთვის.
წყარო: „ipress"