საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაბნის გამგებლის არჩევნებს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა დამკვირვებელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მიულოცა გამარჯვებულს.
„ძალიან კარგია, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა - ის იქნება ყველას გამგებელი. ეს მისასალმებელი განცხადებაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ და მოვუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის, მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პოზიცია, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, მაღალი კულტურის ქვეყანა და მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება, მართლაცდა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.