„ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რადგან სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დგამს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელმაც მოკლე დროში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის დამკვიდრების საქმეში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„ამ კუთხით განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში. რეფორმა დადებითად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც", - აღნიშნა პრემიერმა.
თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვის კუთხით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროკავშირის რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ კომპანიებთან პარტნიორობას და მონაცემთა გაცვლას გაამარტივებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართ კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ნდობა იზრდება.
სტატისტიკის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ არის გაზრდილი. ასევე, მზარდია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების სტატისტიკაც.
„ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს.