თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით, ერთსა და იმავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება და არჩევა არ შეიძლება. ამის შესახებ ახვლედიანმა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მოსახლეობისთვის მნიშნველოვან საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლოს.
„დღეს გაიმართება კონსულტაციები, ჩვენ ვაგრძელებთ შიდა პარტიულ კონსულტაციებს; საკითხი იმის შესახებ, რომ ოპონენტებთან მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული გვაქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არ ვეპოტინებით და არ ვებღაუჭებით თანამდებობებს, ვაცნობიერებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობაა „ქართული ოცნება" და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე, რომლებიც მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებების განხილვაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" ხვალინდელ სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს.