თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპეცუბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პრემიერ-მინისტრის ბოლო შეხვედრის დროს საბოლოოდ შეთანხმდა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონპროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი.
„მთავარი იდეა რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. პირველი, როგორც დავპირდი მოსახლეობას, სპეცუბნები გაუქმდება. ეს წერია კანონპროექტში და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას ასე მიიღებს.
მეორე, სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა, ზუსტად ისე, როგორც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში, ხმას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, უზრუნველვყოფთ მათ როტაციას იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები. ისინი მორიგეობით უახლოეს სამოქალაქო უბანზე მისცემენ ხმას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ეჭვის გაფანტვა მათი ხმების მფარველობასთან დაკავშირებით. ეს, პირობითად რომ ვთქვათ, დაახლოებით 25-30%-ია სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეებისა. ანუ ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად, 24 საათის განმავლობაში იმყოფება და არასდროს არ ტოვებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიას.
ეს ყველაფერი ერთადერთ ამოცანას ემსახურება, რომ სამწუხარო კამპანია, რომელიც რიგ შემთხვევებში სახეზე იყო ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჯარისთვის ერთგვარად შეურაცხყოფის მიყენებისა, ავლაგმოთ. ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ასე ისაუბროს.
ჩვენ წინმსწრებად გამოვაქვეყნებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც გავაკეთეთ ოქტომბრის შუალედური არჩევნებს დროს და რაც ეხება საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას", - განაცხადა ხიდაშელმა.