„ჰააგის სასამართლოს განაჩენი ჩვენთვის იქნება აუცილებელი შესასრულებლად, ხოლო რუსეთისთვის - ფარატინა ქაღალდი", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „რეპორტიორს" განუცხადა. მისი თქმით, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს კონვენციას კი მოაწერა ხელი 2000 წელს, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, ამიტომ რუსეთისათვის ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს.
პოლიტოლოგის ვარაუდით, საბოლოო განაჩენში საუბარი იქნება ორივე მხარის დანაშაულზე, მაგრამ გაცილებით სერიოზული ბრალდებები იქნება წაყენებული რუსეთის მხარის მიმართ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი რუსეთისთვის არ იქნება აუცილებლად შესასრულებელი, იმიჯის თვალსაზრისით მასზე უარყოფითად იმოქმედებს.
„რუსეთისთვის მხოლოდ იმიჯური დანაკარგი იქნება. მაგრამ რუსეთის იმიჯი და ავტორიტეტი დასავლეთ ევროპაში იმდენად დაბალია, მით უმეტეს ლიტვინენკოს სკანდალის შემდეგ, რომ ევროპაში ეს უკვე დიდად არაფერს შეცვლის რუსეთისთვის...
იქ საუბარია მშვიდობისმყოფელთა დახოცვაზე, თუმცა, არაა დაკონკრეტებული, ვისზეა საუბარი. ის, რომ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა უკვე მიაწოდეს კონტრმასალები ჰააგას, ამის ფასი ნულია, იმიტომ რომ ჰააგის სასამართლო, მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო სამხრეთ ოსეთს არ ცნობს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის მიერ შეგროვებულ კომპრომატებს საქართველოს შესახებ არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. აი, რუსეთმა რა მასალა მიაწოდა, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
პროცესი ახლა დაიწყო. ჰააგის ტრიბუნალი ურმით დადის, დიდი დრო დასჭირდება დეტალურ გამოძიებას. ჩვენთვის როგორი იქნება განაჩენი, ეს ჯერ არ ვიცით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ნაადრევია საზეიმო განცხადებები - თითქოს ჩვენ ხელში გვეჭიროს განაჩენი, სადაც წერია, რომ რუსეთი 100 %-ით არის დამნაშავე. თუმცა, ჩვენ იმედიც და სრული საფუძველიც გვაქვს იმისთვის, რომ ველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას", - განუცხადა „რეპორტიორს" ცინცაძემ.
2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს.