საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს - ეს არის NATO-ს სამიტისთვის მზადების საკითხი და სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელი სამუშაო NATO-ს ვარშავის სამიტამდე.
„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე NATO-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მიზნით.
ასევე, განხილულ იქნა საკითხი ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თაობაზე. საუბარი იყო ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში" ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.