პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კითხვაზე- ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს პასუხისგება.
„პირველ რიგში, გამოძიება უნდა დასრულდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალების პრესტიჟი იყოს დაცული. თითოეული ჯარისკაცის და ოფიცრის უფლებები უნდა იყოს დაცული. დასკვნების გამოტანა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.