პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატებს, ექსპერტებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს, როგორც სათათბირო ორგანოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი კონსტიტუციური ფორმატი, სხვა არცერთ ორგანოში არ არსებობს, სადაც პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, შესაბამისი კომიტეტები და უწყებების წარმომადგენლები ერთად თათბირობენ.
„ეს არის თარიღი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს, იმ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქვეყნის განვითარებას და თავდაცვისუნარიანობას.
ბუნებრივია, ამ დღეს ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, რომ მომავალშიც ასეთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტები გააღრმავებენ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს.
2014 წელს ახალი გადაწყვეტილებით და საკანონმდებლო ცვლილებებით, ჩვენ დავაფუძნეთ სტრუქტურა, რომელსაც აკისრია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და პრეზიდენტის ინსტიტუტების სათათბირო ორგანოს უმნიშვნელოვანესი როლი.
ასეთი კონსტიტუციური ფორმატი, სხვა არცერთ ორგანოში არ არსებობს - ეს არის ფორმატი, რომელშიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და შესაბამისი კომიტეტები და უწყებების წარმომადგენლები ერთად თათბირობენ.
საბჭოს თათბირი გულისხმობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეიარაღებული ჯარის რიცხოვნობა, შეიარაღებული ძალების მონაწილეობა სხვა ქვეყნებში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასე შემდეგ.
ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი იღებს, როგორც მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს ფორმატი ყველაზე შესაბამისი ფორმატია. რადგან მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღე მივულოცო საბჭოს ყველა წევრს, საბჭოს აპარატს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცისთვის ამ ფორმატში მოღვაწეობდნენ", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელი ლუიზა არჩვაძე, რომელიც უწყებაში დაარსების დღიდან მუშაობს, ღირსების მედლით დაჯილდოვდა, ჯილდო კი მას უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გადასცა.
შეკრებილ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.