სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული ზარალის ყველა ფაქტის კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მოუწოდებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა შპს "კომფორტის" დირექტორმა აკაკი ბურკიაშვილმა. განმცხადებელი ითხოვდა 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, მისი კომპანიის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზრაურებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს "კომფორტი" 2008 წლის აგვისტოს თვეში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწარმოებდა გზების მშენებლობას. საომარი მოქმედებების შედეგად, კომპანიის, როგორც საკუთრებაში არსებული ტექნიკის დიდი ნაწილი, აგრეთვე სალიზინგო ხელშეკრულებით მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკა-მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები სრულად დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის შედეგად შპს "კომფორტს" დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. საწარმომ აღნიშნული ზარალის გამო ვეღარ შეძლო სათანადოდ განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რამაც კომპანია გაკოტრების წინაშე დააყენა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის სექტემბერში შექმნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი და დამდგენი კომისია, რომელმაც 2010 წლის აპრილის თვეში ისე შეწყვიტა მუშაობა, რომ მისი საქმიანობის შედეგები დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.
კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველისთვის არაერთხელ მოუმართავთ მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით, მოქალაქეთა მფარველობა და დაცვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაა. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს, სარგებლობს საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვის უფლებით. ამასთან, ჟენევის 1949 წლის კონვენცია "ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ" ადგენს, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც კონფლიქტი შეეხო, უფლებამოსილია სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი ძირითადი უფლებებისა და გარანტიების დაცვა.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2008 წელს აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად შპს "კომფორტის" მიერ განცდილ ზარალთან დაკავშირებით სახელმწიფოს, შესაძლებლობის ფარგლებში, კონკრეტული ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა."