საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.
„დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ასრულებს მუშაობას საქართველოში. ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, მათ შორის, მომავალი წლის პროგნოზებზე - ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, პრაქტიკულად, გაიზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა, რაც კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს დაგეგმილ ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ ხადურმა.
„ქართულ მხარესთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე წლის ეკონომიკური მდგომარეობა და ვისაუბრეთ მომავალი წლის პერსპექტივაზე, მთავრობის გეგმებზე 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შეადგენს 2.5%-3%, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკა გამოცოცხლდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია და შემდეგი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება დაახლოებით 5%, რაც იქნება ძალიან კარგი. აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, გაუმჯობესებული ბიზნეს-გარემო, ფისკალური სტიმულირება გონივრულ ფარგლებში, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა. მთავრობამ ასევე, უნდა იმუშაოს უმუშევრობის აღმოფხვრის მიმართულებით და მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ახალ მთავრობას აქვს კარგი შანსები აღნიშნულის მისაღწევად და ჩვენ გვსურს მათ დახმარება გავუწიოთ", - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ საბოლოო პარამეტრებს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.