„ისე არ წვიმს, როგორც ქუხს", - ამ განცხადებას დეპუტატი თემურ ჭკუასელი „გაზეთ" ვერსიასთან საუბრისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ - „დიდი „კრიშა" გყავთ - გამიგია, თუკი ივანიშვილთან კომუნიკაცია გინდა, თემურ ჭკუასელი დაგეხმარებაო..." - აკეთებს:
„ამ ლეგენდას, გარკვეულ მომენტებში, ხელს არ ვუშლი, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩოხატაურის რაიონისთვის რამის გაკეთება მინდა. კი გითხარით, დეპუტატობა არ მინდოდა-მეთქი - იმ ასაკში ვარ, რომ უფრო სიმშვიდე მინდა და აქტიური ცხოვრება მაინცდამაინც აღარ მომწონს, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს და, რადგანაც ამ, როგორც იტყვიან, ორომტრიალში მოვხვდი, ვთვლი, რომ ბევრი უნდა გავაკეთო. ქართულ სინამდვილეში ასეა: მაჟორიტარი რაიონს უვლის, თორემ სინამდვილეში, დეპუტატის ფუნქცია კანონშემოქმედებითი მოღვაწეობაა, რაიონს კი თავისი თვითმმართველობა უნდა უვლიდეს. სწორედ ამისკენ მივდივართ და ძალიან მიხარია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას - ივანიშვილის კარზე „რუხი კარდინალი" ვარ - კატეგორიულად, არა! ეს ორი მიზეზის გამოა გამორიცხული - პირველი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რამე ვუთხრა და ჩემს ნათქვამზე გააკეთოს, მეორეც - ასევე გამორიცხულია, რაღაც ვუთხრა, ვთხოვო და ამით უხერხულობა შევუქმნა. ჩვენი მეგობრობა სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ მსგავს შეცდომებს არც მე ვუშვებ და რა თქმა უნდა, არც ის", - აცხადებს ჭკუასელი.
წყარო: ვერსია