გადაცემა „20/30"-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა ნატოს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მზადების შესახებ. მისი თქმით, სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობის წევრების კოორდინირებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„8 თვე გვაშორებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას და საქართველოს ხელისუფლება შედეგზე ორიენტირებულია, შედეგისთვის ვიბრძვით. ყველამ, სინქრონულად, ერთი და იმავე მესიჯებით უნდა უნდა ვილაპარაკოთ.
როცა ქვეყნის წინაშე არის სერიოზული გამოწვევები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები წარიმართოს. რაც შეიძლება ხშირად, აქტიურად და ერთად უნდა ვეძებოთ გზა იმისთვის, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ . სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობის წევრების კოორდინირებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჩემთვის პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მიწევს ამ თემებზე საუბარი შინ და გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე საზღვრები, სადამდე მივდივართ, რა ტიპის, რა მასშტაბის, რა კონტექსტის საუბრები უნდა გავმართოთ და ვიცოდე ის, რომ სხვა ოთახში, სხვა კონფერენციებზე, სხვა შეხვედრების დროს ასეთივე საუბრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ შევათანხმოთ კალენდარი და გავინაწილოთ ის, რათა ეფექტიანად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მსოფლიოსთან. ამისთვის კი საჭიროა არა დუბლირება, არამედ, სინქრონული მუშაობა",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: „20/30"