საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში" საერთაშორისო ფორუმ „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების" გახსნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას. ჩვენ განუხრელად ვადგავართ დემოკრატიული განვითარების კურსს, რაც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი პირობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.
ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯებესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას.
საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს.
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები. მთავრობა დიდად აფასებს იმ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომლებსაც თქვენ წარმართავთ ამ ფორუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დისკუსიების დროს გამოთქმული იქნება იდეები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობას სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.