ევროკავშირმა GSP+ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გამოქვეყნებული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია:
"GSP+ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. იქ შეფასებულია რეფორმები, რომელიც საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, გარემოს დაცვის კუთხით. რეფორმები, რომლებიც განხორციელდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, პენიტენციური მიმართულებით, ასევე პროკურატურის მიმართულებით, ყველა რეფორმა, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებების დაცვას, შეფასებულია დადებითად. ასევე შეფასებულია რეფორმები, რომელიც უკავშირდება კარგ მმართველობას საქართველოში. კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.