პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება. მისი თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება:
"ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება.
გამოსვლა შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა.
ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.