საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს ურჩია დაინტერესდნენ იმ საკითხით, თუ რა თემებზე გამახვილდება ყურადღება და არა იმით, თუ ვინ დაესწრება ან არ დაესწრება გამოსვლას.
„ნეტავ როდის ვეღირსები იმ დღეს, როცა ჟურნალისტები დასვამენ ასეთ შეკითხვას - რა თემაზე გაიმართება პრეზიდენტის გამოსვლა, რა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება პრეზიდენტის გამოსვლა და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის გარშემო. მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა. დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს. მოვისმენ, გირჩევთ რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე, ვინ დაესწრება და ვინ არა, არამედ რას მოვისმენთ, რის გარშემო იქნება ის მთავარი, რაზეც გაიმართება დიალოგი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.