პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მოსვლა ქვეყნისთვის ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს, როგორიც ახალი წლის მოსვლაა:
"საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში მოსვლის დღეს უნდა შევხვდეთ რაც შეიძლება საქმიანად, ინტერესით, მაგრამ არა მორიგი სკანდალებით. პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, როცა თქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი მოვლენა და თუ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანით არ იქნება დაკავებული, ის ამ შეხვედრას დაესწრება ხოლმე. არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავლშიც. იგივე პოზიცია დაიკავეს მთავრობის წევრებმა და ამ თემაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე და შესაბამისად, ამ სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს. სხვა თანამდებობის პირებს - პრემიერს და მინისტრებს აქვთ უფლება, პარლამენტის სხდომებს დაესწრონ და სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის კარი, რა თქმა უნდა, მათთვის ღია იქნება.
თუკი მხოლოდ ფრაქციები გამოვლენ, ამას პოლიტიკური დებატები არ ერქმევა და აქ რაიმე სიცილ-კისკისი, ჩახუტება და ალერსი იქნება?! გვაქვს ორი ფორმატი, როცა ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან, პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ხანგრძლივობით.
პარლამენტში 12 ფრაქცია გვაქვს. აქედან შვიდია უმრავლესობაში და ხუთი - უმრავლესობის გარეთ. მეორე შემთხვევაში, თუკი დებატები იქნება, ამას ემატება ჩემი გამოსვლა, ვიცე-სპიკერების გამოსვლა და ფრაქციების გარეთ მყოფი დეპუტატების გამოსვლა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.