საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფი ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ევროკავშირი სერიოზულად უდგება:
„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვუდგებით ევროკავშირის მისიებისა და ოპერაციების ფარგლებში ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრალდებები გამოძიებულ იქნას. ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს.
ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ოპერაციებში საკუთარ სამხედროებს გზავნის, აქვს ნათელი ვალდებულებები ევროკავშირის მორალური სტანდარტების და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მიმართ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პირველ რიგში იმ ქვეყნების მიერ უნდა მოხდეს, რომელთა სამხედროების მიმართაც ისმის ბრალდებები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.