საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის" ეთერში სანდრო გირგვლიანის დედსი, ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვებაზეც ისაუბრა.
„მე არ მინდა, რომ ირინა ენუქიძის ღვაწლი აღიქვან როგორც ჩემი პიარ-აქცია, ქალბატონმა ირინამ შეძლო, გახდარიყო ყველა იმ შვილის დედა, რომლებიც შესაძლოა იმ ვითარებაში ძალადობის მსხვერპლნი ყოფილიყვნენ".- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის სანდრო გირგვლიანის დედა - ირინა ენუქიძე დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით, გარდაცვალების შემდეგ. ჯილდო გადაეცა სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს. გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა:
„2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის შეჯამებისას და დასრულებისას გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. ამ ადამიანების გამორჩევა დავიწყე ქალბატონი ირინა ენუქიძით. ქალბატონი ირინა გახდა სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ის პირველი და მცირე ჯგუფი, რომელსაც მერე მთელი საზოგადოება შეუერთდა, დღეს აქ არის წარმოდგენილი, ვინც ქალბატონი ირინას გვერდით იდგა პირველივე დღეებიდან. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, რომელიც ქალბატონმა ირინამ თავად განსაზღვრა მისივე სიტყვებით - მას მოუკლეს შვილი, ის იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ამ ბრძოლას შესწირა თავისი სიცოცხლე. მინდა გითხრათ მადლობა იმ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, სანდროს მეგობრებს, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში დაუპირისპირდნენ სისტემას. მორალური ძალით, რეალურად მიგვიყვანეს სისტემის გარდატეხამდე. მინდა, ხაზი გავუსვა ამ ბრძოლის მთავარ სულისჩამდგმელს, ქალს, რომელმაც ამ ღირებულებებით გააერთიანა საზოგადოება - ქალბატონ ირინას! მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე! დღეს ქალბატონი ირინა ჩვენთან არ არის, მაგრამ მისი ოჯახის წევრები ჩვენთან არიან. მე ვაჯილდოვებ გარდაცვალების შემდეგ ქალბატონ ირინას განსაკუთრებული ჯილდოთი - თამარ მეფის ორდენით!" - განაცხადა პრეზიდენტმა.