სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, მსოფლიო საფინანსო კრიზისი, ლარის კურსის ვარდნით გამოწვეული ხალხის გაღატაკება და უამრავი დანაპირების შეუსრულებლობა, მძიმე მდგომარეობაში აყენებს სახელისუფლებო გუნდს. ადმინისტრაციული რესურსი, რაზეც აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს კოალიცია „ქართული ოცნება", არ გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს. საგარეჯოს არჩევნებმა ეს კარგად დაგვანახა, როცა ხიდაშელი თვითონ თვლიდა დამატებულ ჯარისკაცთა ხმებს და მხოლოდ ამით ძლივს შეძლო მცირეოდენი განსხვავებით საგარეჯოს მაჟორიტარად თავისი ნათესავის გაყვანა.
გარადაბანში გამგებლის არჩევნების შედეგებიც არ გამოდგება ზოგადი პროგნოზის გასაკეთებლად.
ოქტომბერში არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მმართველი გუნდი ისედაც დაქსაქსული ადმინისტრაციული რესურსით დღევანდელი რეიტინგის გაზრდას მხოლოდ 2-3 % თუ შეძლებს.
გასათვალისწინებელია წინამორბედ მმართველ ელიტათა შედეგები საპარლამენტო არჩევნებში. 2003 წელს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მქონე „მოქალაქეთა კავშირმა" აქცენტი ადმინისტრაციულ რესურსზე გააკეთა, სხვებზე მეტი ხმები კი მიიღო, მაგრამ უმრავლესობა ვერ შეაგროვა. პარლამენტის დარბევის შემდეგ სააკაშვილმა ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, აბსოლუტურად კონტროლირებადი სახელისუფლებო სისტემა, საფინანსო და ბიზნეს მონოპოლია, ათასობით პრობაციონერი , დაფინანსებული და კონტროლირებადი ელექტორატით და 2012 წელს მაინც ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვება.
ამრიგად, ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს! 2012 წლის არჩევნებზე პოლიტიკური სპექტრი ორი პოლუსისგან შედგებოდა, სააკაშვილისეული ნაციონალები და სააკაშვილის მოწინააღმდეგ ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი რეჟიმი ყველაფერს აკონტროლებდა, ამომრჩეველს ფულსაც აძლევდა, ხალხმა სააკაშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. მკაფიოდ პოლარიზებული ამომრჩეველი იყო ის ელექტორატი, რომელმაც სააკაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა, სწორედ ამ ძალის მობილიზება შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნება" უმრავლესობით შეიყვანა პარლამენტში. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ხალხს არანაირი სურვილი არ გააჩნდა ურეიტინგო უსუფაშვილ-ხიდაშელის პარლამენტში შეყვანისა, ამომრჩეველმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გამოხატა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლარიზება გამორიცხული იქნება, ამჯერად არჩევანი არ შემოიფარგლება მარტო იმით, აირჩიონ ივანიშვილის თუ სააკაშვილის გუნდი. ამჯერად პოლიტიკური ორგანიზაციები უფრო აქტიურნი იქნებიან, ვიდრე ადრე და ელექტორატისთვის შესარჩევი სპექტრიც გაიზრდება. „ქართული ოცნება" ვერ შეძლებს სააკაშვილის ხელისუფლების მობრუნების საშიშროების გამუქებით დამატებითი ხმების მოზიდვას.
ნაახალწლევს სააკაშვილმა ძველ მეთოდს მიმართა და კუთვნილი ტელევიზიებით აქტიურად აპიარებს და საზოგადოებას აჩვევეს იმ აზრს, რომ არჩევნებს უეჭველად მოიგებენ და სააკაშვილი დაბრუნდება. რეალურად ხელისუფლებაში მობრუნების შანსი ნაციონალებს არ აქვთ, მაგრამ სააკაშვილი საზოგადოების ზომბირების ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს და თითქოსდა ნეიტრალური პოლიტიკური პარტიების შექმნით და მათი დაფინანსებით შეეცდება ამომრჩეველთა დამატებითი ხმების მოპოვებას. უკრაინული მილიონები და კულტურის ცნობილი მოღვაწეები, უკვე ჩართული ჰყავს ამ პროცესში.
მოსახლეობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ფიქსირდება, რომ ამომრჩეველთა 70 % არ აპირებს, ხმა მისცეს არც სააკაშვილს და არც მმართველ კოალიციას. ხალხს არ უნდა სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის მობრუნება, ხოლო დღევანდელი ხელისუფლებისგან თავს მოტყუებულად თვლის. ანალიტიკურ პროგნიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვს, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით ვერც ერთი ჯგუფი ვერ შევა. უმრავლესობის შექმნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ჯგუფები გადალახავენ საპარლამენტო ბარიერს.
ხალხი ახლა მიუკერძოებელი ძალის გამოჩენის მოლოდინშია! ამ მხრივ მხარდაჭერის კარგი შანსი ეძლევათ ხალხის წიაღიდან ამოსულ პოლიტიკურ ჯგუფებს , რომლებიც არ ასოცირდებიან სააკაშვილთან და მათ არ მოსთხოვენ პასუხს „ქართული ოცნების" დანაპირების შეუსრულებლობაზე .
ასეთი შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება", რომელმაც საარჩევნო პროცესში საზოგადოების ინტეგარციის ეფექტური სისტემა ჩამოაყალიბა, რათა რეალურად ხალხისგან გამოკვეთილი ლიდერები იქნენ არჩეული პარლამენტში, რაიონის და ქალაქის საკრებულოებში, გახდნენ მერები და გამგებლები. ხალხი ელოდება პრობლემათა გადაწყვეტას! „სახალხო ხელისუფლების" სამოქმედო გეგმა ლოკალურ და გლობალურ პრობლემათა მოგვარების საინტერესო გზებს გვთავაზობს.
ივანიშვილს მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები ცალკე გაიყვანოს და „ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. შემთხვევითი, ურეინტიგო ჯგუფებისგან გათავისუფლებული „ოცნება" ხმების მეტ რაოდენობას აიღებს. ამ შემთხვევაში ივანიშვილს შანსი ექნება, ახალ პარლამენტში გააერთიანოს სახელმწიფეობრივად მოაზროვნე ახალი ძალები და შექმნას ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელი უმრავლესობა", - ნათქვამია განცხადებაში.