საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გამოცდილებას შეეხებოდა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი განცხადების მთელი არსი იყო, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მტერიც და მოყვარეც და აქედან გამომდინარე, გამოვიტანოთ დასკვნები, ხოლო ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეიძლება ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ახალგაზრდა მინისტრი, რომელიც მგონია, რომ ძალიან ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანია, თუმცა, ჩემს განცხადებაში გამოცდილებაზე იყო საუბარი. ახლაც ვფიქრობ, რომ ლავროვის გამოცდილება ჩვენი მხრიდან ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს, უნდა მოვემზადოთ სათანადოდ, თუკი ასეთი შეხვედრა საერთოდ შედგება და იმედი მაქვს, შედგება. ეს იქნება ურთულესი შეხვედრა, ამიტომ საფუძვლიანი მომზადება იქნება საჭირო. ეს იყო ჩემი აზრი და იგივე შემიძლია გავიმეორო სახელების გარეშე", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.