საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისთვის ემზადება. „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოს თავისუფლების საკითხზე უნდა გაამახვილოს, რადგან, კვიციანი თვლის, რომ მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ საქართველო კოლონიაა და არა თავისუფალი სახელმწიფო.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, თავისუფლების შეზღუდვაა. პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს გათავისუფლებაში იმ მარწუხებიდან, რომლითაც იმართება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ პრეზიდენტმაც და თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის უნდა იბრძოლოს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე გააკეთებს აქცენტს, ძალიან კარგი იქნება. მარწუხებში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური დევნილობის, პოლიტპატიმრობის სიების საკითხი და სიები ვინ უნდა შექმნას, ამას ამერიკის საელჩო ადგენს, სხვათაშორის, თქვენი კოლეგებისგან გავიგე გუშინ, რომ თურმე პარტიების საარჩევნო სიებსაც თვითონ ადგენენ, თუ ვინ უნდა შეიყვანონ პარლამენტში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ ვართ კოლონია და არა - თავისუფალი სახელმწიფო. ამ თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს პრეზიდენტმაც, პარლამეტმაც და თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, ვინ იჯდეს იმ პარლამენტში, ვინ იყოს პრეზიდენტი და, ზოგადად, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს, რომ ოდნავ უკეთესობისკენ წავიდეს ჩვენი ქვეყნის ბედი", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.