reportiori.ge - მანანა კობახიძე: ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტია, გაისტუმრებს თუ არა პოლიტიკური ავანსცენიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ !
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:07
პრეს-დაიჯესტი
მანანა კობახიძე: ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტია, გაისტუმრებს თუ არა პოლიტიკური ავანსცენიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ !
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 02:23



სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ასამბლეის სხდომები 29 იანვარს დასრულდა. რა საკითხები განიხილებოდა საქართველოსთან მიმართებაში და როგორი იყო ქართული დელეგაციის პოზიცია? როგორ ხედავენ „ქართული ოცნების" ლიდერები მომავალ არჩევნებზე ამჟამინდელი მმართველი პარტიის პერსპექტივებს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერს მანანა კობახიძეს ასამბლეის სხდომათა დარბაზიდან გამოსვლისთანავე სკაიპით ვესაუბრე:


მანანა კობახიძე:  სხდომებზე საქართველოს თემა მართლაც მრავალჯერ, ძირითადად, დადებით კონტექსტში გაისმა. ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ორი მომხსენებელი გამოვიდა-  ბატონი სილევიჩი და ქალბატონი ლუნდგრენი. ისინი 2015 წლის ოქტომბერში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოში და სხდომაზე თავიანთი თვალსაზრისი გამოხატეს. ეს იყო არა ანგარიში, არამედ საინფორმაციო ცნობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენმა დელეგაციამ განუმარტა ევროსაბჭოს დეპუტატებს, რომ პრობლემები, რომლებიც საარჩევნო გარემოს და საარჩევნო კანონის სრულყოფას ეხება, პრაქტიკულად, მოგვარებულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებმაც უცხოელების შენიშვნები დაიმსახურეს, შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების დროსაც იყო და ამ მიზეზით ევროპულ სტრუქტურებს აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების მიმართ შეეძლოთ პრეტენზიის გამოხატვა.


- საარჩევნო გარემოს გამო ხელისუფლებას ნაცები და არასაპარლამენტო ოპოზიციაც ერთხმად აკრიტიკებენ...


- ეს უსამართლობა და პოლიტიკური სპეკულაციაა. ჩვენ არა მხოლოდ არსებული დისბალანსი გავასწორეთ და ყველა დეპუტატის მანდატი, იმის მიუხედავად, 2000 ხმით არის იგი არჩეული თუ 50 ათასით - თანაბარი გახდა, არამედ ბარიერიც ავწიეთ და ამჟამად ის 50(1 ხმაა. ფაქტობრივად, ყველა ხარვეზი გავასწორეთ, რაც მაჟორიტარული წესით პარლამენტარის არჩევას ეხებოდა, მაგრამ ახლა უკვე მთლიანად სისტემას გვიწუნებენ. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ნაცები და არასაპარლამენტო ოპოზიცია ახლა ერთ ხმაში მღერიან და მაჟორიტარული წესით არჩევნების სისტემის გაუქმებას მოითხოვენ! აქაც ალოგიზმია. ახლა, როცა მერის და გამგებლის თანამდებობა არჩევითია, ბარიერის სიმაღლის გამო კი მეორე ტურიც ხშირად იმართება, რატომღაც უსაფუძვლო კრიტიკით მაინც თავს გვესხმიან. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გარედან ვერავინ გვაიძულებს. ეს შიდა კონსენსუსით უნდა გადაწყდეს!


- სხდომაზე მართლა დადგა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხი?


- დიახ, სამწუხაროდ, დადგა, თუმცა, პრეტენზია აქაც სრულიად უსაფუძვლოა. აგერ, „რუსთავი-2" თავისუფლად მაუწყებლობს და ხელს არავინ უშლის! ჩვენს ქვეყანაში მედია მართლაც სრულიად თავისუფალია. მომხსენებლებს განვუმარტეთ, რომ „რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ სადავო საკითხებს ობიექტური სასამართლო იხილავს და ამ პროცესის ხელოვნური დრამატიზების მიღმა ნაციონალური მოძრაობა დგას! სასამართლოები რიგ შემთხვევებში „რუსთავი-2"-ის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც, პარალელურად, სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც მიუთითებს!


- რაც შეეხება წინასწარი პატიმრობებისდაუსაბუთებლობის" საკითხს?


- ესეც თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და ცინიზმია, როცა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ამას „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს. წინასწარ პატიმრობაში აყვანის საერთო რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და წარდგენილი შუამდგომლობების მხოლოდ 32 პროცენტი კმაყოფილდება, იმ ფონზე, როცა ნაცების რეჟიმის დროს ეს რაოდენობა 99 პროცენტს აღწევდა!


ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელ ბატონ აგრამუნტის, რომელმაც „პოლიტპატიმრებზე" გაამახვილა ყურადღება, თედო ჯაფარიძემ ღირსეული პასუხი გასცა და განაცხადა, რომ საქართველო არ არის თავში ხელწამოსარტყმელი პატარა ბიჭი და ევროპამ პატივი უნდა სცეს საქართველოს შიდა ინსტიტუტებს!


- ქალბატონო მანანა, თქვენი გამოსვლა შეეხო რეზოლუციის ტექსტს, სადაც საქართველოში უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაზეა ლაპარაკი. რამ განაპირობა ასეთი რეზოლუციის მიღება?


- ეს რეზოლუცია საკმაოდ ტენდენციურია, რადგან არ გამომდინარეობს მომხსენებელთა პოზიციიდან, რომლებმაც საქართველოს მიმართ, ძირითადად, პოზიტიური მიდგომა გამოხატეს. ერთი საქმეც კი არავის უხსენებია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის ან უფლებადამცველის შეზღუდვაზე იქნებოდა ლაპარაკი. ამ თვალსაზრისით უფრო მძაფრი გამოსვლები აზერბაიჯანთან და რუსეთთან მიმართებაში იყო. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ჩიორა თაქთაქიშვილმა პირდაპირ იცრუა, რომ საქართველოში უფლებადამცველებს სახელმწიფო სდევნის, აშანტაჟებს და კომპრომატებს უთითხნის.


- ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, მმართველი კოალიციის საარჩევნო სია ამომრჩეველთა ნებას შეესაბამება? რამდენად მისაღებია ამ სიაში ფსევდოლიბერალური ორიენტაციის კანდიდატების სიჭარბე?


- გულწრფელად რომ გითხრათ, სია არ მინახავს და რამდენადაც ვიცი, ის ბოლომდე არც არის ჩამოყალიბებული. გეთანხმებით, სია აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩევლის მოთხოვნებს და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, რათა მომავალმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის სასარგებლო რეფორმების გატარება შეძლოს - გადაჭრას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, აღადგინოს სამართლიანობა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" საბოლოო საარჩევნო სიას ამომრჩეველი მოწონებით შეხვდება.


- თქვენმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო მთავარი გამოწვევის - სამართლიანობის აღდგენის საკითხის დაძლევა... როგორ გგონიათ, ახალი პარლამენტი მოახერხებს ამას?


- ეს დილემა განსაკუთრებით გვაწუხებს ხელისუფლებაში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის დროს უფლებადაცვით საქმიანობას ვეწეოდით. ყოველთვის იმ პოზიციაზე დავრჩები, რომ სამართლიანი სასამართლოსთვის და კანონიერ ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადასინჯვისთვის ვიბრძოლო. იმის მიუხედავად, პარლამენტში ვიქნები თუ არა, თვალსაზრისის შეცვლას არ ვაპირებ! ჩვენი მიზანია, სამართლიანი ქვეყანა ავაშენოთ, რომელშიც უდანაშაულოდ რეპრესირებულ ადამიანს თავისი სიმართლის წარმოჩენის საშუალება მიეცემა! ფაქტია, რომ წინა რეჟიმის პირობებში სასამართლო მარიონეტული, უუნარო იყო და უსამართლოს განაჩენები გამოჰქონდა.


- როდემდე უნდა იყოს პოლიტიკურ ავანსცენაზე მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება" და ნაციონალური მოძრაობა? როდემდე უნდა ეფარებოდეს ოპოზიციის ნიღაბს კრიმინალური ნაცბანდა, ჭეშმარიტი ოპოზიციის ნიში კი, შესაბამისად, ცარიელი იყოს?


- ქართველი ამომრჩევლის, გონიერი ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტია, გაისტუმრებს თუ არა პოლიტიკური ავანსცენიდან ნაციონალურ მოძრაობას! ეს მომავალ არჩევნებში გამოჩნდება და ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა ისეთი საარჩევნო გარემოს პრაქტიკულად ჩამოყალიბებაა, რომლის ფონზეც ქართველი ამომრჩეველი თავისი განწყობის სრულყოფილად წარმოჩენას შეძლებს.


პირადად მე მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის ნიში მართლაც არ უნდა ეკავოს, რადგან მისი ყველა თვალსაჩინო ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა მძიმე, სისტემურ დანაშაულში იყო ჩართული და მათ მიმართ რიგ შემთხვევებში განაჩენებიც დამდგარია. ისიც უნდა გითხრათ, რომ ვიდრე ნაცებს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის მანტია ექნებათ მორგებული, ევროსაბჭოში ყოველთვის იქნება არაობიექტური რეზოლუციების სიმრავლე. ამიტომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას შინ თუ გარეთ!




http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=2194




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016