„რუსეთმა მოახდინა თუ არა რომის სტატუტის რატიფიცირება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჰააგის ტრიბუნალი გამოიტანს განაჩენს არა სახელმწიფოების, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.
მისი თქმით, განაჩენი შეეხება არა ქვეყნებს, არამედ კონკრეტულად პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენდნენ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების იმდროინდელ ელიტას. „არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რუსი იქნება თუ ქართველი, თუ მათ დაუმტკიცდათ, რომ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, აგებენ პასუხს. საქართველო და რუსეთი აგებენ პასუხს იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჰააგის ტრიბუნალი სწორედ პოლიტიკოსებს გაასამართლებს", - განუცხადა „რეპორტიორს" მაისაიამ.
რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.
„2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია და ის ძალაში არ შესულა", - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.