საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით, სასამართლო სისტემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მყარი სამართლებრივი საფუძვლები და ნება ესაჭიროება.
მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს - მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად, მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.
„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, მთელ ჩემს შესაძლებლობებს ვიყენებ სასამართლოს გასაძლიერებლად.
ჩემს მიერ ამ სფეროში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, შერჩეულ მოსამართლეთა პროფესიული რეპუტაციასა და შეუბღალავ ავტორიტეტზეა დაფუძნებული.
ასეთი მიდგომა კვლავაც გაგრძელდება როგორც უზენაეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, უმაღლეს სასამართლო რგოლებში საქართველოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მართლაც უმაღლესი სტანდარტის იმედი უნდა ჰქონდეთ",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესს უკავშირდება, საზოგადოების მხრიდან სამართლიანად ისმის საფუძვლიანი კითხვები.
„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. საამისოდ გთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას:
• დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა „გამოსაცდელი" ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი;
• შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია.
• მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება
• გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტნის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადვოკატთა კორპუსს და მიაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე გასაძლიერებელია ადვოკატთა უფლებები.