საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე თავისუფალი მედიის მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია.
„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს არსებობს მედიამრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება და ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს უარი თქვან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე :
„მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს", - აცხადებს ქვეყნის პირველი პირი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე და გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად პრეზიდენტის ვეტოში იყო წარმოდგენილი.