ლექტორი ზაზა სიამაშვილი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის ინიციატივას მიესალმება. სიამაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაზე არ უნდა იყოს გამახვილებული. აუცილებელია, პატივი სცენ თითოეულ სხვა რელიგიას. მისივე თქმით, შეიძლება ადამიანი რელიგიური იყოს ან არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რელიგიურ გრძნობებს ხელი წამოვკრათ.
„საქართველო ყოველთვის რელიგიური სახელმწიფო იყო. გარდა ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიისა, ნებისმიერი სხვა რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ შეურაცხყოფა დაუშვებელია. მათი დღესასწაულები, ტრადიციები პატივცემული ისევე უნდა იყოს, როგორც საკუთარი. ამიტომ რელიგიურ შემწყნარებლობაზე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლობას ან მხოლოდ კათოლიკეობას თუ ისლამს, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა რელიგიაზე. დავით აღმაშენებელი სინაგოგაში, მეჩეთში დადიოდა, იცავდა მათ უფლებებს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, შემდეგ აირია ეს ყველაფერი.
ქსენოფობიას რომ გვაბრალებენ ე.წ. ლიბერალები და მაქსიმალურად უნდათ ამაში გრანტების აღება, ეს სრული აბსურდია. ეს ყველაფერი მათგან მოდის, სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ძალიან კარგად ვმეგობრობ, ისინი დიდ პატივს სცემენ ჩვენს პატრიარქს. შეიძლება, ადამიანი რელიგიური იყო ან არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიურ გრძნობებს ხელი წამოვკრათ. ყველამ კარგად ვნახეთ, რაც მოხდა საფრანგეთში, ამიტომაც არ არის საჭირო, საქართველო ცეცხლს ეთამაშებოდეს, მითუმეტს, ამდენი მეჩეთი გვაქვს, სინაგოგა... არ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი ხანძრის გაღვივება. ამიტომ როდესაც რელიგიურ გრძნობაზეა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულზე ნუ იქნება ყურადღება გამახვილებული, სხვა რელიგიებსაც პატივი ვცეთ. ზოგადად, ის, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, ამას ნამდვილად მივესალმები, სასწრაფოა და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ ამით ძალიან ბევრ ცუდ რამეს ავიცილებთ. ხაზგასმით ვამბობ, ნუ დავიყვანთ ამას მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული, მართლმდიდებლური რელიგიის შეურაცხყოფამდე, იმიტომ რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩვენს რელიგიას ძალიან დიდ პატივს სცემენ. პატივი ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ რწმენას," - განაცხადა სიამაშვილმა.