ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი. ამ თემაზე „რეპორტიორთან" პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს არსებული მონაცემები და შემდეგ გაკეთდეს დასკვნები.
„რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ თემაზე საურობენ. ბოლოს და ბოლოს პესიმიზმს სძლიეს და გააკეთეს ოპტიმისტური განცხადებები. ამ განცხადებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ვიდრე ასეთი დაზუსტებით ვისაუბრებთ დიდი ოდენობის ბუნებრივ აირზე, ალბათ, პრიმიტიული შესაძლებლობებით მაინც უნდა დაგვენახა ცეცხლის ალი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საუბრობენ. სურვილი ჩაგრავს რეალობას. ეს ახალაღმოჩენილი საბადო რომ იყოს, უფრო ოპტიმისტურად ვიქნებოდით განწყობილი, რადგან ასეთი მოცულობის გაზზე საუბრისას უფრო მეტი თვალსაჩინოებაა საჭირო.
ეს რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს და არა უბრალოდ სურვილი იყოს, ადრეც აღმოაჩენდნენ. უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადავხედოთ არსებულ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, მეოცე საუკუნის დასასრულს, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგია, კამერების წინ ერთი ასეთი საბადო ცხონებულმა ედუარდ შევარდნაძემ გახსნა, ალი ამოვიდა, მაგრამ რამდენი საათის განმავლობაში ენთო, უცნობია.
ჩემი წინდახედულება გამოწვეულია გამოცდილებით. უნდა დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა ცისკარიშვილმა.