პარლამენტის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილს მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას, ხანდახან ზვიად გამსახურდია გაიხსენოს.
„ნუ ჩათვლით, რომ ეს შენიშვნაა, უბრალოდ, ჩემი მოსაზრებაა პირადად. თქვენ როცა გამოდიოდით, ახსენეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება. აბსოლუტურად გეთანხმებით შეფასებებში, ძალიან დიდი სხვაობაა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის. თქვენ ახსენეთ ორი ფიგურა, ორი ისტორიული პიროვნება - ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია. არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ გამოგრჩათ ეს შეგნებულად, თუმცა, მე არ ვიცი, რას შეიძლება დავაბრალო, რომ ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები ამ დარბაზში.
მოგვწონს ვინმეს, არ მოგვწონს ვინმეს, ვიყავით მისი მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ჰქონდა თუ არა მას შეცდომები, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი, მედროშე არის ზვიად გამსახურდია. მოკლე მეხსიერებამ ჩვენ ბევრჯერ წაგვაგებინა და ვთვლი, რომ მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე და იმასაც ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავივიწყოთ. ზვიად გამსახურდიას პერსონა და მისი ხსოვნა არაფერში უშლის ხელს ქართულ სახელმწიფოს. აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის, არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური იდეალები.
არ მიიღოთ შენიშვნა, თუმცა შეხსენებადაც ჩავთვალოთ, ხანდახან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ამ სახელმწიფოს შემქმნელი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი, იმიტომ რომ გაივლის ასწლეულები, ათასწლეულები და 100 წლის შემდეგ ქართველ ბავშვს რომ ჰკითხონ, ვინ მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.