„დემოკრატიული მოძრაობის"პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოსვლის ერთადერთი დადებითი შტრიხი მთავრობის წარმომადგენლების პარლამენტში გამოცხადება და პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მათი დასწრება იყო.
„ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინები, რა თქმა უნდა, არ გვქონია დღევანდელი მრავალსაათიანი გამოსვლისა. ერთადერთი დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი უმოქმედო და უუნარო ხელისუფლება, წარმოდგენილ იქნა პარლამენტში და პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდა. ისე თუ რეზიუმირებაა საჭირო, ვიტყვით ერთი წინადადებით - ეს იყო ინტელექტთან ნაზიარევი კაცის, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე. ყველაფერზე იმიტომ, რომ თემატიკა იყო ჩამოთვლილი, ხოლო არაფერზე იმიტომ, რომ დაკონკრეტება არ იყო, აკლდა სიმკვეთრე, აკლდა სიმკაცრე, აკლდა ინიციატივები, აკლდა მაგალითები - ეს ჩამონათვალი ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც თვითდინებით მიდის უკვე 4 წელია და ხალხი შიმშილობის ზღვარზეა. ეს არ შეიძლებოდა აღნიშნული არ ყოფილიყო და პერიოდულად შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ საუბრობდა არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ რომელიმე დასავლეთ ევროპის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იმ უმძიმეს სოცოიალურ ფონს ვერ გრძნობს, რაც საქართველოშია და, სამწუხაროდ, არ მიუთითებდა იქ წამოსკუპებულ მთავრობის წევრებს, რომლებიც თითს თითზე არ ადებენ, რომ გააუმჯობესონ მდგომარეობა საქართველოში", - აღნიშნა ბარამიძემ.