„ზვიად გამსახურდიას როლის მიჩუმათება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში არახალია", - ასე ეხმაურება ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში. როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ის აუცილებლად ჰკითხავს პრეზიდენტს, თუ რა იცის ზვიას გამსახურდიას, ნოე ჟორდანიასა და ზურაბ ჟვანიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
„ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა - დემოკრატებად გარდაქმნილი, სუკ-ისა და იმპერიის გავლენის აგენტები, კომკავშირელი ლიბერალები და სხვა ქართული ეგზოტიკური ჯიშის არსებები ამას დიდი ხანია სჩადიან. დამოუკიდებლობის დღის შეცვლა, ისტორიის გადაწერა-მიჩუმათება, ცილისწამება - ბევრი გვახსოვს.
ეს ჩვენი ლონდრეც აგრძელებს ტრადიციას. ერთადერთი დღე, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხსენებას ვერ წაუვლენ, 31 მარტი იქნება, როდესაც დიდი ალბათობით მთაწმინდაზე ამობრძანდება ხანმოკლე პიარ-აქციაზე და მე იქ აუცილებლად ვკითხავ, რა იცის საერთოდ ზვიადის, ჟვანიას და ჟორდანიას როლზე დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში", - წერს ცოტნე გამსახურდია.