ატლანტიკურმა საბჭომ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიში კომპანია „Frontera Resources" ინფორმაციას ეყრდნობა. ამ თემაზე „რეპორტიორს" კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა. არეშიძის განცხადებით, ამ თემაზე ენერგეტიკოსებს ესაუბრა და არავითარი დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ საქართველოში გაზის ასეთი ოდენობის მარაგი ნამდვილად არსებობს.
„ამ თემაზე საუბარი მქონდა ენერგეტიკოსებთან და მითხრეს, რომ არავითარი დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ასეთი რაოდენობის ბუნებრივი აირი არსებობს. მაქსიმუმი რაც არის, ესაა მილიარდ ცხრაასი ათასი კუბმეტრი, ეს არის ნინოწმინდასა და კახეთში. საქართველოს ხელისუფლებისთვის ბუნებრივი აირის ამ ოდენობის არსებობის შესახებ დოკუმენტაცია არავის წარუდგენია. იყო საუბარი, რომ დედოფლისწყაროში უზარმაზარი მარაგია ნაპოვნი, შარშან „ფრონტერამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 მილიარდი კუბმეტრია ნაპოვნიო. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ამ თემაზე რამის თქმა რთულია.
არიელ კოენს პირადად ვიცნობ, ის ავრცელებს „ფრონტერას" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოენი სერიოზული პიროვნებაა და აქედან გამომდინარე, გარკვეული შეშფოთებაც გამიჩნდა იმის გამო, რომ კოენი შეცდომაში ხომ არ შეიყვანეს.
ქართველი ენერგეტიკოსებისა და „ფრონტერას" ინფორმაციები აბსოლუტურად განსხვავებულია. არ ვიცი, „ფრონტერამ" რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ყველას გაგვიხარდება, ეს სიმართლე რომ აღმოჩნდეს. თუ ეს სიმართლეა, გაუგებარია, რატომ არ არიან საქართველოს ხელისუფლება და ნავთობისა და გაზის კომპანია საქმის კურსში", - განაცხადა არეშიძემ.