თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სკანდალურ განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა ტესტირების დროს დარღვევებს უკავშირდება, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ეხმაურება. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.
„კანონით შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, კანონს კი ყველა უნდა დაემორჩილოს. კეთილი ინებოს მთავარმა პროკურატურამ, დაიწყოს გამოძიება და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი - როგორ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, ვისი ბრალეულობა იყო. ის არგუმენტი, რომ შიდა მოკვლვას ვაწარმოებთო, აბსურდია და კანონმდებლობით გათვალისწინებული არაა. ეს არის სამოხელეო დანაშაული. ახლა კეთილი ინებოს პროკურატურამ და გამოძიება დაიწყოს, ეს იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ არც ისე შეუძლებელი", - აღნიშნა მეფარიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო სკანდალური დოკუმენტაცია, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არსებულ დარღვევებს ასახავს. მამუკა ახლვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა კონკურსანტმა წინასწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, ტესტის წარმოდგენილ ასლში, ავტორისა და გამოცდის ჩამბარებელი პირის პასუხები იდენტურია.