ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რელიგიური შეურაცხყოფა დასჯადი ხდება, საზოგადოებას კომიტეტის დასკვნის ყურადღებით წაიკითხვას სთხოვს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაა, მე ვთხოვდი ყველას, რომ წაიკითხონ ევროპული კონვენცია, როგორც მერვე, ასევე მეცხრე და მეათე მუხლები. იქ ნახავს ყველა, რომ ადამიანის დაცვის სტანდარტი გულისხმობს როგორც სხვისი აზრის პატივისცემას, ასევე სხვისი რელიგიური უფლებების პატივისცემასაც. ყველა ქმედება არ უნდა იყოს დასჯადი, არამედ ისეთი ქმედება, რომელიც განზრახ შეურაცხყოფს სხვათა რელიგიურ უფლებებს იმგვარი ფორმით, რომელიც საჯარო ინტერსებს უქმნის საფრთხეს. ეს ფორმულირება არის დასახვეწი, ჩამოსაყალიბებელია. ერთის უფლების დაცვა, მეორის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ შეიძლება ხდებოდეს. ასევე უნდა ვცეთ პატივი სხვის აზრს, როგორც სხვის რელიგიურ გრძნობებს. ბალანსი უნდა იყოს დაცული. ეს თქვა კომიტეტმა და უკაცრავად, მაგრამ შეიწუხონ თავი და წაიკითხონ ეს დასკვნა. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული რჩევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცვლილებების მიხედვით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.