"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მუშაობს გეგმაზე, რომელსაც "მაესტროს" ჟურნალისტებს შესთავაზებს.
"მე ვმუშაობ გეგმაზე, თუ რა შემიძლია შევთავაზო ჟურნალისტებს, რათა მაუწყებლობას არ შეექმნას საფრთხე. ეს შენობა, რომელშიც მაუწყებლობს ტელეკომპანია, არ ეკუთვნის შპს "მაესტროს", ეს ტექნიკა არ ეკუთვნის მას, ეს ყველაფერი მაკას ასათიანს ეკუთვნის. მაინტერესებს როგორ იფუნქციონირებს ტელევიზია, რომელსაც იჯარის დავალიანებს აქვს, რომელთანაც იჯარის ხელშეკრულება შეიძლება გაწყდეს. ეს სხვისი შენობაა, კერძო საკუთრებაა. რა ძალაც მაქვს კანონიერი, იმ ძალას მივმართავ. თავს ვერ ავიფეთქებ და შაჰიდის ქამარს ვერ გავიკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, თუ გამომივა მინდა, რომ დამტკიცდეს ჯერ მფლობელების კანონიერება", - განაცხადა გადაბაძემ.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა