ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით მისი მთავარი მიზანია ტელეკომპანია „მაესტრო" კონკურენტუნარიანი გახდეს და სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავოს.
„ირაკლი რუხაძემ, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, ფული გვასესხა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ეს კერძო სესხია და კონფიდენციალურია. ვიღაც-ვიღაცების მარჩიელობაზე, ეს თანხა რატომ გვასესხა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბაია გადაბაძის მენეჯმენტურ კვალიფიკაციას ვერ ვაღიარებ. როცა მაესტროსთვის სესხს იღებდა, რატომღაც, მისი უკან დაბრუნების ვალდებულებაზე არ ფიქრობდა. საერთოდ, ეს ნონსენსია, როცა ადამიანი ორგანიზაციის გაკოტრებაზე ხელს აწერს და მერე, თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა უკვირს." - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში 2030.
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მაესტროს გადარჩენაა. მინდა, ტელევიზია ინტელექტუალური, ცივილური და თანამედროვე გავხადო. ჩემი მიზანია გუნდურობისა და კოლექტივის ერთიანი სულისკვეთების შექმნა, სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო რესურსის გაერთიანება და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რეიტინგის ზრდა და სხვა ტელევიზიებთან ჯანსაღ კონკურენციაში შესვლა. ყველაზე მეტად - რუსთავი 2-თან, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით, მის მიერ შექმნილი სტერეოტიპები დავანგრიო. ახალ მაესტრომდე ყველაფერი შენარჩუნდება. მერე კი, ტრანზაქცია ახალ ფორმატში მოხდება."